იან 24, 2023

ბათუმს ,,ბავშვზე მორგებული ქალაქის“ კანდიდატის სტატუსი მიენიჭა

ბათუმის ვიცემერმა, ლევან დავითაძემ და მერის მოადგილემ, ლელა სურმანიძემ საქართველოში UNICEF-ის წარმომადგენელთან, ღასან ხალილთან შეხვედრა გამართეს, რომელზეც „ბავშვზე მორგებული ქალაქის“ კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე სერტიფიკატი გადაეცათ.

ლელა სურმანიძე - ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია უკვე წლებია თანამშრომლობს გაეროს ბავშვთა ფონდთან სხვადასხვა მიმართულებით. 2020 წელს ხელი მოეწერა მემორანდუმს ბათუმის მუნიციპალიტეტსა და იუნისეფს შორის ბავშვის მიმართ კეთილგანწყობილი ქალაქების ინიციატივასთან მიერთების შესახებ. ამ მიზნის მისაღწევად მუნიციპალიტეტში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი. სამუშაო ჯგუფისა და იუნისეფის წარმომადგენლების თანამშრომლობის შედეგად მუნიციპალიტეტში შემუშავდა სტრატეგია და 2022-2025 წლების სამოქმედო გეგმა. დღეს ბათუმმა მიიღო ბავშვზე მორგებული ქალაქის კანდიდატის სტატუსი, რაც ერთობლივი მუშაობის შედეგია. იმედი მაქვს, ბათუმი უახლოეს მომავალში იქნება პირველი ქალაქი საქართველოში, რომელიც მიიღებს ბავშვზე მორგებული ქალაქის სტატუსს.

ღასან ხალილმა ბათუმის მუნიციპალიტეტს ბავშვზე მორგებული ქალაქების ინიციატივის კანდიდატის სტატუსის მიღება მიულოცა. მისი თქმით, ეს სტატუსი ბათუმის მერიამ დაიმსახურა იმ აქტივობებისა და აუცილებელი მოთხოვნების შესრულების შედეგად, რომლებიც გაწერილია ინიციატივის ფარგლებში. „ჩვენ მხარს ვუჭერთ ბათუმის მუნიციპალიტეტს ამ მიმართულებით და ეჭვი არ გვეპარება, რომ ისინი განაგრძობენ მუშაობას ბავშვზე მორგებული ქალაქის სერტიფიკატისა და ამ წოდების მისაღებად“ - განაცხადა ღასან ხალილმა.

მოგვიანებით მერიის ახალგაზრდულ ცენტრში მრავალფუნქციური სივრცე დაათვალიერეს, რომელიც ბავშვზე მორგებული ქალაქის პროექტის ფარგლებში მოეწყო. აღნიშნული სივრცე, UNICEF-ის მხარდაჭერით, ბავშვების შეხვედრებისა დისკუსიების მოწყობის მიზნით შეიქმნა.

ბათუმის მერიასა და გაეროს ბავშვთა ფონდს (UNICEF) შორის, 2020 წელს გაფორმდა მემორანდუმი, რომელიც მიზნად ისახავდა ბავშვზე მორგებული ქალაქების ინიციატივაში ჩართვას. მემორანდუმის ფარგლებში დაიწყო თანამშრომლობა ბავშვზე მორგებული ქალაქის სტრატეგიული ჩარჩოსა და ყოველწლიური სამოქმედო გეგმის შესამუშავებლად. ჩატარდა არაერთი კვლევა და ანალიზი, შეიქმნა „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის UNICEF-ის ბავშვზე მორგებული ქალაქის ინიციატივაზე მიერთების“ სამუშაო ჯგუფი, რომელმაც, იუნისეფის წარმომადგენლების ჩართულობით, იმუშავა სტრატეგიული ჩარჩოსა და სამოქმედო გეგმის მიმართულებებისა და ღონისძიებების განსასაზღვრის კუთხით.

ბათუმის ბავშვზე მორგებული სამოქმედო გეგმის ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. მათ შორის:
• ბათუმის მუნიციპალიტეტის მიერ ახალგაზრდულ ცენტრში გამოიყო და გარემონტდა ბავშვთა ოთახი, რომელიც გაეროს ბავშვთა ფონდის დახმარებით აღიჭურვა. ახალგაზრდული ცენტრი კი, დანერგავს ახალგაზრდული მუშაობის სერვისს დაუცველი მოზარდებისა და ახალგაზრდების სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობისთვის.
• ბავშვების სოციალური დაცვის უფლების განსახორციელებლად ბათუმის მერიამ გააფართოვა სოციალური პროგრამები დაუცველი ბავშვებისა და ბავშვიანი ოჯახებისთვის, რაც საჭიროებების კვლევის ანგარიშს ეფუძნება.
• გადაწყვეტილების მიღების პროცესში ბავშვთა მონაწილეობის ხელშესაწყობად ბათუმის მერიამ დააფუძნა ახალგაზრდული საბჭო, რომელიც 15 წევრისგან შედგება და წარმოადგენს მერის სათათბირო ორგანოს ახალგაზრდულ საკითხებთან დაკავშირებით.
• ბათუმის მუნიციპალიტეტმა დაამტკიცა ახალგაზრდული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა თამაშის, ხარისხიანი ოჯახური დროის გატარებისა და განვითარების ხელშეწყობის მიზნით.
• ამ ეტაპისთვის დასრულებულია ერთი საბავშვო ბაღის მშენებლობა, ხოლო 3 ბაღის მშენებლობა დასრულდება 2023 წელს. ასევე ხორციელდება დამატებით 3 ბაღის მშენებლობის და 5-ის გამაგრების სამუშაოები. უკვე მოეწყო 19 სკვერი, 10 სპორტული მოედანი, 7 საბავშვო ატრაქციონი.

გასული წლის სექტემბერში საკრებულომ დაამტკიცა ბათუმის „ბავშვზე მორგებული ქალაქის ინიციატივის (CFCI) განხორციელების 2022-2025 წლების სტრატეგია და წლის სამოქმედო გეგმა, რის საფუძველზეც ბათუმს ბავშვზე მორგებული ქალაქის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა და მომდევნო ეტაპზე გადავიდა. აღნიშნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის წარმატებული განხორციელებისა და ბავშვზე მორგებული ქალაქის კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ, ბათუმი ოფიციალურად მიიღებს ბავშვზე მორგებული ქალაქის სტატუსს.

გალერეა

გაზიარება

მსგავსი პოსტი

არ არის მსგავსი პოსტი
30.06.2020 - საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია. ვებგვერდი მომზადებულია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის “დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა (GGI) საქართველოში” მხარდაჭერით Betterfly DDB-ის მიერ. ვებგვერდზე გამოთქმული შეხედულებები არ გამოხატავს USAID-ის, GGI-ის ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.